ENG
27 დეკემბერი, 2017

ლიბერთი ბანკი და Educare Georgia ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგებს აჯამებენ

ლიბერთი ბანკი და Educare Georgia ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგებს აჯამებენ

 

27 დეკემბერს, ლიბერთი ბანკის და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ლიბერთი ბანკი 2017 წელს შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარება გაუწია ხანის აკადემიის (Khan Academy) ქართულად თარგმნასა და პლატფორმის პოპულარიზაციაში.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები. Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე. ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია როგორც სასკოლო კლასების, ასევე თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ.

2017 წელს Educare Georgia-ს ძალისხმევით ქართულ ენაზე შეიქმნა მათემატიკის 2,000 ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი. ამავე წელს ორგანიზაციის ძალისხმევით ხან აკადემია გამოიყენა 65,000 მომხმარებელმა მთელი საქართველოდან. გარდა ამისა, მათემატიკის მასწავლებლებმა აქტიურად გამოიყენეს Khan Academy სასწავლო პროცესში შემდეგ ქალაქებში: გორი, ქუთაისი, რუსთავი, ბორჯომი, ბადიაური, თოხლიაური, დაბა ჟინვალი, დუშეთი, სალხინო, სამეგრელო, სერგიეთი, სამეგრელო, ფასანაური, დუშეთი.

სულ პროექტში მონაწილეობდა 375 მოსწავლე. მათ სემესტრის განმავლობაში "დაახელოვნეს" ("დახელოვნება" - ხანის აკადემიაზე საკითხის სრულფასოვნად შესწავლის სტატუსის სახელწოდება) 11,728 ახალი საკითხი/უნარი.

ხანის აკადემიის პოპულარიზაციასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში დიდი როლი სწორედ მასწავლებლებს ენიჭებათ. ხანის აკადემიის პლატფორმას საქართველოში 3,000 მდე მასწავლებელი იყენებს. ლიბერთი ბანკმა და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა შეარჩიეს 5 წარმატებული მასწავლებელი: მარინა კაპანაძე, რუსთავი - N7 საჯარო სკოლა, ქეთევან ტყეშელაშვილი, თბილისი - იუჯი სკოლა, შორენა ადუაშვილი, თბილისი - ათასწლეულის სკოლა, იოსებ გოგიჩაიშვილი, თბილისი - ათასწლეულის სკოლა, ნინო ლომსაძე, თბილისი - კლასიკური გიმნაზია.

მასწავლებლებს შესაბამისი სიგელი და ფულადი პრიზები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ ის მასწავლებლები, რომლებმაც ყველაზე მეტი მოსწავლე ჩართეს და რომელთა მოსწავლეებმა ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს უნარების დაუფლების კუთხით.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს ასეთი კარგი შედეგი გვაქვს ხანის აკადემიის პოპულარიზაციის კუთხით. მომავალ წელს ვგეგმავთ ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას, რაც კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაიღრმაონ ცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში. ასევე ვგეგმავთ უფრო მეტ სკოლაში შევიტანოთ ხანის აკადემიის გამოყენების პრაქტიკა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პარტნიორობისთვის, რადგან Educare Georgia-ს წარმატება მხოლოდ პარტნიორი დონორების და მოხალისეების ძალისხმევით არის შესაძლებელი“ - აღნიშნა Educare Georgia-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჯიბლაძემ.

„ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების მიღებას. ვფიქრობ, რომ ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა დავით ვერულაშვილმა.

ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/ და YouTube არხზე (Khan Academy Kartuli)