ENG
12 ივლისი, 2010

ლიბერთი ბანკმა გამოაცხადა ახალი გრძელვადიანი საპენსიო სესხის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მომსახურების პრინციპულად ახალი სქემის ლიბერთი ექსპრესის და სახალხო გზავნილის რებრენდინგის შესახებ

ლიბერთი ბანკმა გამოაცხადა ახალი გრძელვადიანი საპენსიო სესხის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მომსახურების პრინციპულად ახალი სქემის ლიბერთი ექსპრესის და სახალხო გზავნილის რებრენდინგის შესახებ

 

დღეს ლიბერთი ბანკმა გამოაცხადა ახალი გრძელვადიანი საპენსიო სესხის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მომსახურების პრინციპულად ახალი სქემის ლიბერთი ექსპრესისა და სახალხო გზავნილის რებრენდინგის შესახებ.

ლიბერთი ექსპრესი

 

ლიბერთი ექსპრესი არის უპრეცედენტო პროექტი საქართველოს საბანკო სივრცეში. ლიბერთი ექსპრესის საშუალებით ლიბერთი ბანკის ასი ათასობით კლიენტი შეძლებს მიიღოს მომსახურება ყველგან, სადაც დასჭირდება. ლიბერთი ექსპრესი არის თანამედროვე ტოიოტას მარკის მოძრავი და დაცული მიკრო ავტობუსი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით (სეიფი, კომპიუტერი, პრინტერი) იმისათვის, რომ კლიენტებმა მიიღონ შემდეგი სახის საბანკო მომსახურება:

 

  • სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა;
  • პენსიებისა და სოციალური დახმარების აღება;
  • სოციალური და ახალი გრძელვადიანი საპენსიო სესხების მიღება.

 

ლიბერთი ექსპრესში იქნება 6 მოლარე-ოპერატორი და ამრიგად ლიბერთი ბანკი 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. 2010 წლის აგვისტოდან ლიბერთი ექსპრესი დაფარავს შიდა ქართლს, ხოლო 2010 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონს. ლიბერთი ბანკმა ამ პროექტში 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის ლიბერთი ბანკს ჰყავს 3 ლიბერთი ექსპრესი, რომლის რაოდენობაც წლის ბოლომდე 85-ს მიაღწევს.

 


გრძელვადიანი საპენსიო სესხი

გრძლევადიანი საპენსიო სესხი გაიცემა 18 თვის ვადით შეღავათიანი დაფარვის გრაფიკით მათთვის, ვისაც ერიცხებათ სახელმწიფო პენსია. სესხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 600 ლარს და მისი მიღებიდან ყოველ სამ თვეში შეუზღუდავი რაოდენობით შესაძლებელია დამატებითი სესხის მიღება. სესხის დაფარვა ხდება შემდეგნაირად: თავდაპირველი ან დამატებითი თანხის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში სესხი იფარება პენსიის სრული ოდენობით, შემდგომ თვეებში კი დარჩენილი დასაფარი თანხა ნაწილდება თანაბრად მინიმუმ 15 თვეზე (15 თვე ან მეტი დამატებითი სესხის აღების შემთხვევაში). ახალი გრძელვადიანი სესხის მიღება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ლიბერთი ბანკი კვლავაც გააგრძელებს არსებული სახის საპენსიო სესხების გაცემას და ამგვარად, პენსიონერებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ არსებულ საპენსიო სესხსა და ახალ გრძელვადიან საპენსიო სესხს შორის.

სახალხო გზავნილის რებრენდინგი

ლიბერთი ბანკმა დიდი ხნის მანძილზე არსებულ სახალხო გზავნილს სახელი შეუცვალა და ლიბერთი ექსპრესი დაარქვა. ლიბერთი ექსპრესი არის ბანკის შიდა ფულადი გზავნილების სისტემა, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.ლიბერთი ექსპრესის მეშვეობით ბანკის კლიენტები შეძლებენ ისარგებლონ სწრაფი ფულადი გზავნილის გაუმჯობესებული მომსახურებით, როგორც სერვის ცენტრებში, ისე ლიბერთი ექსპრესის მიკრო ავტობუსებში.

“დღეს ჩვენ საკუთარ კლიენტებს სამი სიახლე შევთავაზეთ. ლიბერთი ექსპრესის საშუალებით პენსიონერები და სხვა დანარჩენი კლიენტები შეძლებენ თანამედროვე მომსახურების მიღებას ისეთ რეგიონებშიც კი, სადაც ინფრასტრუქტურა ჯერ კარგად განვითარებული არ არის. ჩვენ ლიბერთი ექსპრესის მიკრო ავტობუსების პროექტში ექვსი მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. რაც შეეხება ახალ გრძელვადიან საპენსიო სესხს, ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა უკვე დიდი ხანია არსებობს და იმედი გვაქვს ამ განახლებული პროდუქტით არსებულ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. სახალხო გზავნილისთვის ლიბერთი ექსპრესის დარქმევა ბუნებრივი ნაბიჯია ბანკის სრული რებრენდინგის დაწყების შემდეგ, აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ.