ENG
07 აგვისტო, 2015

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი გახდა  

ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანებს წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი,  საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შეემატა.
7 აგვისტოს, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ პრესას ლიბერთი ბანკის ბრენდის ახალი დესპანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუდგინა.

ნიკოლოზი 1992 წელს თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს „გრენაით ბეის“ სკოლა. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო ვარჯიში. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14 წლიანებში.  არის ამერიკაში ორინჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი. 16 წლის ITF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე ჩოგანი გახდა. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10,000-იანი ტურნირი მოიგო. 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა. ნიკოლოზმა ახლახანს მიიღო მონაწილეობა ვილმბდონის ჩემპიონატში, სადაც წარმატებით იასპარეზა და მერვედ ფინალში გავიდა. 26 ივლისს ნიკოლოზმა ჰოლანდიაში „ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო და ის ახლა მსოფლიოს 90 -ე ჩოგანია.

ლიბერთი ბანკი მუდმივად ზრუნავს პერსპექტიულ ქარველ ახალგაზრდებზე, რომლებიც სპორტის ხელოვნების, განათლებისა და სხვა დარგებში მოღვაწეობენ, ხელს უწყობს მათ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას.  ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანები სწორედ ეს ახალგაზრდები არიან, რომლებიც წარმატებებს ლიბერთი ბანკთან ერთად აღწევენ.