ENG
08 მარტი, 2018

გრძელდება ლიბერთი ბანკის კამპანია #მემოხუციარვარ

გრძელდება ლიბერთი ბანკის კამპანია #მემოხუციარვარ

 

ლიბერთი ბანკის 2018 წლის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კამპანია #მემოხუციარვარ გრძელდება. ლიბერთი ბანკის სახელით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ თითქმის ყველა მოხუცებულთა პანსიონატში მცხოვრებ ქალბატონს ამჯერად მივულოცეთ 8 მარტი და მათ იმიჯზე ზრუნვით შევეცადეთ,  ქალბატონებისთვის გაზაფხულის ეს დღე გაგველამაზებინა.

მოხუცებულებთან ვიზიტებისას, ჩვენს გუნდს თან ახლდნენ სილამაზის სალონი -“Jungle Fever”-ის პროფესიონალი სტილისტები, ვიზაჟისტები და დალაქები, რომლებმაც პანსიონატში მცხოვრები ქალბატონების თმის ვარცხნილობაზე, მაკიაჟსა და სადღესასაწაულო განწყობაზე ჩვენთან ერთად იზრუნეს.

,,დღეს, მე ჩემს ახალგაზრდულ წარსულში დამაბრუნეს, როცა 8 მარტისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. ახალგაზრდობა გავიხსენე, 96 წლის ქალს სარკეში ჩახედვის სურვილი დამიბრუნეს და ნამდვილი დღესასწაული მომიწყვეს“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას პანსიონატ „ბარბარე 21“-ის ყველაზე ასაკოვანმა ბინადარმა, ნინა მამფორიამ.

კამპანია #მემოხუციარვარ  საახალწლოდ დაიწყო და მისი გაგრძელება მომავალშიც იგეგმება,  კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მომდევნო აქტივობების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით წინასწარ.