ENG
03 ივლისი, 2019

Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა. ახალი მენეჯმენტის მიერ უმოკლეს დროში გადადგმულმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯებმა, მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით, Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკში გატარებული რეფორმებით, გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლებით და კაპიტალზე წვდომით. რეიტინგის პოზიტიურ ცვლილებაზე ასევე დადებითად იმოქმედა სასესხო პორტფელის დივერსიფიცირების აქტიურმა პროცესმა.

Moody’s-ის მოლოდინით, ლიბერთი ბანკი გააგრძელებს საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას, რაც შესაბამისობაშია ბანკის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან - ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, უნივერსალური ტიპის ბანკად. კაპიტალის ბაზრებზე გამარტივებული წვდომა მიმზიდველ ფასში ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაბამისად, ბანკის მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.

​„მოხარულები ვართ რომ, ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. ახალი საბანკო რეგულაციებით განპირობებული ნეგატიური ეფექტებისა და ჩვენს მიერ სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა, უმოკლეს პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით.“- განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.