ENG
12 სექტემბერი, 2014

ლიბერთი ბანკის განცხადება თბილისის მერიაში გამართულ პრეს კონფერენციასთან დაკავშირებით

საჭიროდ მივიჩნიეთ გაგვეკეთებინა მოკლე კომენტარი, დღეს თბილისის მერის ბატონ დავით ნარმანიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. დასანანია, რომ ბატონმა ნარმანიამ მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული განცხადების გაკეთება საკითხის დეტალური ანალიზისა და დაზუსტების გარეშე.

თბილისის მერიას, საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ლიბერთი ბანკი 2010 წლიდან ემსახურება და 2010-2012 წლებში საკონკურსო პირობის შესაბამისად მიმდინარე ანგარიშზე განთავსებულ მთლიან ნაშთს ლარში არიცხავდა საპროცენტო სარგებელს 16.05%-ის ოდენობით. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ თბილისის მერიის მიერ ნაშთების ლიბერთი ბანკში განთავსების პირობა არაექსკლუზიურია და თბილისის მერიას, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეეძლო და დღესაც შეუძლია თავისი ნაშთი სრულად ან ნაწილობრივ განათავსოს ნებისმიერ სხვა ბანკში.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2013-2014 წლებში, მიმდინარე და ვადიან ანაბრებზე განთავსებული ნაშთების, ბაზარზე არსებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების მნიშვნელოვნად შემცირების გამო, სხვა ქართული ბანკების მსგავსად ლიბერთი ბანკმაც საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შეამცირა 30-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან არსებულ ხელშეკრულებაში (მათ შორის 10-მდე სხვა მუნიციპალიტეტთან და სახელმწიფო ორგანიზაციასთან), რომელთა საშუალო ჯამური ნაშთი აღემატებოდა 200 მილიონ ლარს. შესაბამისად, თბილისის მერია არ წარმოადგენდა რაიმე სახის გამონაკლისს.

2013 წლის მერიის ბიუჯეტში (რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტია) დაგეგმილი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 3.2 მილიონ ლარს, რაც წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობის (16.05%) გათვალისწინებით ნიშნავდა, რომ თბილისის მერია 2013 წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარის ოდენობით საშუალო ნაშთს გეგმავდა. ლიბერთი ბანკიც მერიის ფინანსურ გუნდთან წინასწარი კონსულტაციისა და მერიის ბიუჯეტში დაგეგმილი საპროცენტო შემოსავლის გათვალისწინებით ვარაუდობდა, რომ ბანკისთვის უარეს შემთხვევაში მერიის საშუალო ნაშთი იქნებოდა არაუმეტეს 40-50 მილიონი ლარისა და, შესაბამისად, მოსალოდნელი საპროცენტო ხარჯი არ იქნებოდა 6.5-7.0 მლნ. ლარზე მეტი.

2013 წლის პირველ კვარტალში თბილისის მერიის საშუალო ნაშთმა 50-55 მილიონი ლარის დიაპაზონს მიაღწია, რაც უკვე აღემატებოდა ჩვენს მიერ მოსალოდნელ საშუალო ნაშთის ოდენობას. 2013 წლის მეორე კვარტალში მერიის ფინანსურ გუნდთან ხარჯვითი ნაწილისა და სავარაუდო ნაშთებთან დაკავშირებით კონსულტაციისას ცნობილი გახდა, რომ საშუალო ნაშთი მოსალოდნელზე რამდენჯერმე მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ბანკისთვის დამატებით 6-10 მილიონი ლარის ოდენობით გაუთვალისწინებელ საპროცენტო ხარჯს ნიშნავდა. ცნობისათვის, 2013 წელს ბანკის წმინდა მოგებამ სულ 17 მილიონი ლარი შეადგინა, ამრიგად, თბილისის მერიის ნაშთის ამგვარი მოულოდნელი და მკვეთრი ზრდა ბანკის წლიურ წმინდა მოგებას სავარაუდოდ გაანახევრებდა.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ბანკმა მიიღო წმინდა კომერციულ საწყისებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ესარგებლა თბილისის მერიასა და ბანკს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალიწინებული ორმხრივი უფლებით და წერილობითი შეტყობინების (ორ ეგზემპლარად, სარეგისტრაციო ნომრები 07/40436-5 და 07/40443-4) საფუძველზე ქ. თბილისის მერიასთან შეეწყვიტა არსებული საბანკო ხელშეკრულება. ამავე წერილში ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ხელახალ კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე, რადგან 2013 წლის გაზაფხულისთვის, იურიდიული პირების მიმდინარე ნაშთებზე ბაზარზე არსებული (ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების საფუძველზე) საპროცენტო სარგებლის ოდენობისა და მერიის საშუალო ნაშთის არასტაბილურობის გათვალისწინებით ჩვენი გათვლებით ხელახალ კონკურსში 8%-10% ფარგლებში საპროცენტო სარგებლით დარიცხვის პირობით იქნებოდა შესაძლებელი გამარჯვება.

ამავე წერილში მერიას შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც 40 მილიონ ლარამდე ნაშთს კვლავინდებურად 16.05% დაერიცხებოდა, ხოლო ამ ზღვრის ზემოთ ლარში არსებულ ნაშთს დაერიცხებოდა 4%. ამით, ერთის მხრივ, შედარებით დაცული იქნებოდა ბანკის კომერციული ინტერესები ნაშთის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, და, მეორეს მხრივ, მერია კვლავაც მიიღებდა საბაზრო პირობებზე (ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების საფუძველზე) მაღალ საშუალო შეწონილ სარგებელს. მოლაპარაკებებისა და (ჩვენი ინფორმაციით) სხვა ბანკების შესაძლო საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობების გამოკითხვის შემდეგ, მერიამ არჩია ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპრომისული წინადადება, რის შესახებაც ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება.

ასევე გვინდა თბილისის მერიას მივმართოთ თხოვნით და ჩვენის მხრიდან დავრთოთ ნება საჯარო გახადოს, აღნიშნულ საკითზე ბანკის 2013 წლის 11 აპრილის წერილობითი შეტყობინება (ორ ეგზემპლარად, სარეგისტრაციო ნომრები 07/40436-5 და 07/40443-4), რათა ჩვენი მხრიდან არ მოხდეს კლიენტთან კომუნიკაციის არაკორექტულად გასაჯაროება.