ENG
11 ივნისი, 2021

UNFPA-ს და ლიბერთი ბანკის თანამშრომლობით, ქუთაისის 60+ კლუბში შეხვედრა გაიმართა

UNFPA-ს და ლიბერთი ბანკის თანამშრომლობით, ქუთაისის 60+ კლუბში შეხვედრა გაიმართა

 

10 ივნისს, ქუთაისის 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ლიბერთი ბანკის ინიციატივით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შედგა. ღონისძიება გახსნეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, ლიბერთი ბანკის  იმერეთის რეგიონულმა დირექტორმა ეკა ბოჭორიშვილმა და ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქათამაძემ.

60+ კლუბის წევრებთან, თემაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ ისაუბრა ლელა სტურუამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) არაგადამდებ დაავადებათა  განყოფილების უფროსმა. ხოლო პრეზენტაციას საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებების შესახებ წარმოადგინა ნანა კოტეტიშვილმა, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა.

„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის  60+ კლუბების აქტიური მხარდამჭერი.