ENG
05 ივლისი, 2010

ლიბერთი ბანკმა Bank of New York Mellon-თან ერთად გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების პროგრამა აამოქმედა

დღეს სს “ლიბერთი ბანკმა” Bank of New York Mellon-თან ერთად გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების პროგრამა აამოქმედა. ერთი გლობალური დეპოზიტარული ხელწერილი სს “ლიბერთი ბანკის” 500 ცალ ჩვეულებრივ აქციას წარმოადგენს. საქართველოს საფონდო ბირჟაზე  ლიბერთი ბანკის აქციებით ვაჭრობა 2001 წლიდან ხდება (კოდი: BANK), (Bloomberg: BANK.GG). გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით ლიბერთი ბანკის აქციების შეთავაზება მოხდება საერთაშორისო ინვესტორებზე (აშშ-ის გარდა).

ლიბერთი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია ლიბერთი სიქიურითის მოქმედებს Bank of New York Mellon-ის მინდობილობის საფუძველზე საქართველოში და ბანკის ნებისმიერ არსებულ აქციონერს შეეძლება საკუთარი აქციების გლობალურ დეპოზიტარულ ხელწერილებში გადაცვლა. დამატებითი ინფორმაცია მოსალოდნელი დაბეგვრის, შესაბამისობის კრიტერიუმებისა და ბანკის აქციების გლობალურ დეპოზტარულ ხელწერილებად გადაცვლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლიბერთი სიქიურითის ვებგვერდზე: www.libertysecurities.ge .

“ბანკის აქციების 91% ლიბერთი კაპიტალმა 2009 წლის სექტემბერში შეიძინა და მენეჯმენტის ახალმა გუნდმა ბანკის რესტრუქტურიზაცია დაიწყო. ბანკის შესყიდვის შემდეგ რვა თვეში ჩვენ ბანკი მნიშვნელოვნად გავზარდეთ და მომგებიანი გავხადეთ. გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების პროგრამის ამოქმედება დაგვეხმარება კაპიტალის, დაფინანსების წყაროებისა და აქციონერთა სტრუქტურის დივერსიფიცირებაში”, აღნიშნა სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ.