ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი ბანკი კამპანიის „ევროპა სახლია“ მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული კამპანია ეხმიანება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას 2017-2020 წლებისთვის. კერძოდ, ერთ-ერთ ძირითად გზავნილს:
“საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო უსაფრთხო და კონკურენტული გარემოს შექმნას” და შემდეგ ამოცანებს:
• საზოგადოებაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლოდინის მართვა;
• საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების უპირატესობის, სარგებლისა და შესაძლებლობის წარმოჩენა ქვეყნის მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები, ობიექტური ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.
აღნიშნული კამპანია ხორციელდება პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ „ღია საზოგადოების ფონდების“ მხარდაჭერით 2017 წლის იანვრიდან ახორციელებს და რომლის ამოცანა არამხოლოდ უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა, არამედ, აგრეთვე, საქართველოდან წასული მიგრანტების უფლებების დაცვა, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და მონიტორინგი მიგრაციის სფეროში.
ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარზე მომსახურების ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი და 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამ კამპანიაში ჩართვით, ლიბერთი ბანკი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც თავისი ფინანსური საქმიანობიდან გამომდინარე მუდმივადაა ჩართული ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მგრძნობიარე სეგმენტის (პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები ა.შ.) მომსახურების პროცესში, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების საქმეში და, ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური განათლების პროექტის პარალელურად, რომლის დაწყებასაც ლიბერთი ბანკი მიმდინარე წლის ნოემბერში აპირებს, უზრუნველჰყოფს უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
საწყის ეტაპზე, შეხვედრები გაიმართება ქვემო ქართლის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ერთ-ერთი ქალაქისა და შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობასთან, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ქვეყნის ამ ნაწილის ოკუპირებულ ტერიტორიას.
შემდეგ ეტაპზე, ინფორმაცია გავრცელდება ლიბერთი ბანკის მთელი ქსელის, ანუ ქვეყნის მასშტაბით.
კამპანიის ფარგლებში ლიბერთი ბანკის ტრენერები ჩაატარებენ შეხვედრებს, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს იხილონ ვიდეორგოლები უვიზო მიმოსვლის, არადოკუმენტირებული მიგრაციისა და რეინტეგრაციის შესახებ. ასევე, ლიბერთი ბანკის მომსახურების ობიექტებში უზრუნველყოფილი იქნება თემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურების დარიგება.
„მოხარული ვარ, რომ, როგორც ლიბერთი ბანკის წარმომადგენელს, შემიძლია ჩავერთო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში. რთულია იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭო აღნიშნულ საკითხს, ვიდრე მას ისედაც აქვს. ვგულისხმობ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების, საქართველოდან წასული მიგრანტების უფლებების დაცვის საკითხსაც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ადამიანების უფლებების დაცვის, არამედ ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრის აღიარების ჭრილში. ლიბერთი ბანკი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც ჩაერთო ამგვარ კამპანიაში, თუმცა, იმედია ჩვენი მაგალითი მისაბაძი იქნება, რადგან პროგრესისკენ სწრაფვა გადამდებია. ძალზედ მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს - ევროპა მართლაც ჩვენი სახლია.“ – რევაზ ბაღათურია, ლიბერთი ბანკის კომერციული ოპტიმიზაციის დეპარტამენტის უფროსი.