ENG
16 ნოემბერი, 2022

"ლიბერთი", მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს

"ლიბერთი", მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს

 

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლიბერთის და მერსი ქორფსის წარმომადგენლებმა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტში ჩართულ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების (Business Excellence Trainings/BET) ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადასცეს.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) პროექტი არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia). პროექტის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი ბანკი, პროექტს ასევე მხარს უჭერს ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

ლიბერთი ასევე უშუალოდ ჩაერთო RDYE პროექტის სასწავლო აქტივობებში და პროექტის ფინანსური განათლების სასწავლო მოდული შექმნა, რომელსაც გადამზადებულ ტრენერებთან ერთად ლიბერთის თანამშრომლები უძღვებიან.

ფინალში გადასული ბიზნეს იდეის ავტორები კი ლიბერთი ბანკისგან დამატებით მათ პროექტზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.

RDYE პროექტი 42 თვის განმავლობაში, 2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მაისამდე, საქართველოს ოთხი რეგიონის, 18 მუნიციპალიტეტში, განხორციელდება და მიზნად ისახავს სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

BET ტრენინგის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ ბიზნეს გეგმებს და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას (80/20) მიიღებენ.

RDYE პროექტის ბოლოს, საერთო ჯამში, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი 1500 -მდე ახალგაზრდა გაივლის ორდღიან საბაზისო სამეწარმეო ტრენინგს, ხოლო მათ შორის 200 ახალგაზრდა ინტენსიური გადამზადების BET პროგრამის მონაწილე გახდება.

"ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარების საქმიანობაში. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია ახალგაზრდებს დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლიანი ბიზნეს კომპანიები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

“რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდამჭერი და ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია სექტორთაშორისი თანამშრომლობა. კერძო სექტორის მონაწილეობა და რესურსების კონსოლიდაცია ყოველთვის ზრდის ინტერვენციის ხარისხს. პროექტის განხორციელების პროცესმაც ცხადყო, რომ სინერგიაზე დაფუძნებული მიდგომებით იქმნება ბევრად მეტი შესაძლებლობა და მდგრადი შედეგები”, - უჩა ვარამაშვილი, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის შესახებ

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას. ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.

მერსი ქორფსის შესახებ

"მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.

სს ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.