ENG
24 ივნისი, 2022

მიხეილ თორდიას ახალი მიზანი

მიხეილ თორდიას ახალი მიზანი

მიხეილ თორდია

განათლებით ავიატორი ვარ. საავიაციო ქარხანაში ვმუშაობდი, ელექტრომემონტაჟედ. ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკური გამოცდილებაც იქ შევიძინე. სულ მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, საკუთარი თავის უფროსი. ავიაციაში ხუთი წლის მანძილზე ვიმუშავე.

2016-17 წელი იქნებოდა, როცა პირველად მომინდა მოტოციკლის შეძენა. ჩემმა ერთმა ახლობელმა შეიძინა და როდესაც ახლოდან შევისწავლე, მეც დამაინტერესა. ისე მოხდა, რომ ორი მოტოციკლი შევიძინე. აქედან ერთი გაფუჭებული აღმოჩნდა და იძულებული გავხდი თავად შემერემონტებინა. ამერიკიდან გამოვიწერე ნაწილები, YouTube-ზე ვუყურე ვიდეოებს და ამგვარად შევაკეთე. ეს ყველაფერი ჩემს ავტოფარეხში ხდებოდა. შეკეთების შემდეგ, ეს მოტოციკლი გავყიდე. მომეწონა თავად პროცესი და მომდევნო ეტაპზე, მანქანა გავყიდე და იმ ფულით ექვსი მოტოციკლი შევიძინე, გასარემონტებლად და გასაყიდად.


საქმე კარგად წარიმართა. თავდაპირველად, ამ ყველაფერს ფიზიკური პირის სახელით ვაკეთებდი, შემდეგ კი, როდესაც საქმე გაიზარდა, ბიზნესად დავარეგისტრირეთ. დღეს, Michell Bike მოტოციკლების სერვისცენტრია. ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც სასერვისო ნაწილებს, ასევე, ეკიპირებას. Michell ჩემს სახელს უკავშირდება. მოტოჯგუფებშიც Michell Bike-ის სახელით მიცნობენ. Michell Bike-ს სერვისი და მაღაზია ერთად აქვს წარმოდგენილი. ესაა საქმე, რომლის კეთებაც გამომდის, მომწონს და მინდა. სხვა საქმეში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია.

როდესაც ექვსი მოტოციკლი ჩამოვიყვანე და ეს საქმიანობა წამოვიწყე, პირველმა დამკვეთებმა ფეისბუქის საშუალებით მიპოვეს. მათ კი, თავის მხრივ, თავიანთ ახლობლებსა და მეგობრებს უამბეს ჩემზე. იმ დროისათვის, ეს სფერო შედარებით ახალი ხილი იყო. მას შემდეგ, მოტოციკლების რაოდენობა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. პირადად მე, 2019 წლიდან დღემდე, 242 მოტოციკლი ჩამოვიყვანე და შევაკეთე.


ამ სეგმენტს საინტერესო ისიც აქვს, რომ მოტოციკლისტები ერთმანეთს ცნობენ და სხვადასხვა ღონისძიებაზე იკრიბებიან ხოლმე, მეც ბევრთან ვმეგობრობ. მანქანისგან განსხვავებით, მოტოციკლის ნაწილს ადვილად ვერ იშოვნი. ყველა ერთმანეთს ეკითხება სად და როგორ იშოვოს ესა თუ ის ნაწილი ან შეაკეთოს მოტოციკლი. ამიტომ, ხმა სწრაფად ვრცელდება. დღეს, საქართველოში მყოფი ბაიკერების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მომხმარებელია.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სფეროზე დადებითად იმოქმედა პანდემიის პერიოდმა. ამ დროს, უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მოტოციკლით და შესაბამისად, ჩვენი სერვისებით სარგებლობა.

თუკი, 2020 წელს, ჯერ კიდევ ავტოფარეხში ვიყავით განთავსებული, ახლა, ცალკე ადგილი გვაქვს იჯარით აღებული. ჩვენი სერვისით სარგებლობენ მოგზაური ბაიკერებიც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.

ლიბერთი ბანკთან ბიზნესის გაფართოების სურვილმა მიმიყვანა. მჭირდებოდა სესხი, მოტოციკლების ჩამოსაყვანად. როდესაც ლიბერთის მივმართე, მოსახერხებელი პირობები შემომთავაზეს. მანამდე ამ ბანკთან ურთიერთობა არ მქონდა და საკმაოდ ადვილი და კომფორტული აღმოჩნდა. ლიბერთისთან თანამშრომლობა იდეალური გამოდგა ჩემთვის. ბევრად მაღალი ნდობის ფაქტორი გამოავლინეს ჩემთან, ვიდრე მათ, ვისთანაც მანამდე ვთანამშრომლობდი. სესხის აღება ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი აღმოჩნდა. მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს ის პირობები, რაც მე მჭირდებოდა.

ამ თანამშრომლობის შემდეგ, ბუნებრივია, ბიზნესი განვითარდა. ჩამოყვანილი მოტოციკლები სრულად გავყიდე. ახლა, სესხის დაფარვას ვგეგმავ, რათა სესხი ლიბერთისთან კიდევ ავიღო. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ახლაა Michell Bike განთავსებული, მინდა შევისყიდო მიწა და ავაშენო ისეთი ნაგებობა, რომელიც ჩემი ხედვით შეეფერება ჩემს ბიზნესს. სამომავლოდ, მინდა უფრო მეტ ადამიანს გავაცნო ჩემი ბიზნესის შესახებ.