ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
პროფესიით მუსიკოსი ვარ, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს მიმუშავია. სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი. ერთხელაც, სამსახურის გარეშე რომ დავრჩი, დალაგება-დასუფთავების მიმართულებით დავიწყე მუშაობა. ძალიან რთული პირობები იყო, ხან შუაღამემდე მიწევდა მუშაობა. შემდეგ, ჩემმა შვილმა და დამ შემაგულიანეს და გადავწყვიტე, საკუთარი საქმე წამომეწყო, სადაც ბევრად უკეთეს პირობებს შევქმნიდი თანამშრომლებისა და დამკვეთებისთვის, ვიდრე მანამდე თავად მქონდა გამოცდილი. მინდოდა, ჩემი გუნდის წევრებს ნორმალური ანაზღაურება, დატვირთვა და სამუშაო პირობები ჰქონოდათ. საქმე 40 ლარით დავიწყე, როდესაც მოპის ჯოხი შევიძინე… შემდეგ, როგორც იტყვიან, კაპიკ-კაპიკ შევაგროვეთ და ინვენტარი ეტაპობრივად შევიძინეთ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე - ნეტავ, ეს საქმე ბევრად ადრე დამეწყო, დღეს, მნიშვნელოვნად დიდი იქნებოდა შედეგი.
ბიზნესის წარმოების გამოცდილება მანამდე არ მქონია. ფინანსური საკითხების წარმართვაში ბუღალტერი მეხმარება, დანარჩენი - საქმის სპეციფიკა კარგად ვიცოდი და მენეჯმენტიც საკუთარ თავზე ავიღე. შემოვიკრიბე ოჯახის წევრები და ყოფილი თანამშრომლები და ერთობლივად შევუდექით საქმეს. თავდაპირველად, დამკვეთები რომ მოგვეზიდა, დაბალი ფასით ვმუშაობდით. ინფორმაციას Facebook-ის რეკლამისა და რემონტის ჯგუფების საშუალებით ვავრცელებდით.
დღეს, Anano & Company-ის სახელით გვიცნობენ და მეგობრულად „ანანოს გოგოებს“ გვეძახიან. ვცდილობ, თანამშრომლებს კომფორტული სამუშაო განრიგი და დატვირთვა ჰქონდეთ და არ გადაიღალონ - თუ სამი ადამიანის საქმეა, ოთხს ვუშვებ, თუ ოთხის - ხუთს. უზრუნველვყოფ კვებასაც, ტრანსპორტირებასაც... ჯერჯერობით, ოფისი არ გვაქვს, სახლიდან ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად თბილისში ვართ, რეგიონებშიც დავდივართ, მოთხოვნიდან გამომდინარე. ძირითადად, კმაყოფილი კლიენტების რეკომენდაციებით გაგვიცნეს. დღეს, ძალიან ბევრი დამკვეთი გვყავს და მოთხოვნა მუდმივად მზარდია. უკვე მეორე წელია, რაც კომპანია დავაარსეთ, ამ დროის მანძილზე ძალიან გავიზარდეთ. ჩვენი სერვისებია: რემონტის შემდგომი დალაგება, მინა-ვიტრაჟების წმენდა, გენერალური და ყოველდღიური დავალება, სადარბაზოების მოწესრიგება... დამკვეთებს თავს ხარისხითა და სანდოობით ვამახსოვრებთ. რამდენჯერ სხვისი დალაგებულის დასალაგებლად მივსულვართ… დღეს, უკვე გვაქვს იმის რესურსი, რომ დიდ ობიექტებს მოვემსახუროთ და ტენდერებშიც მივიღოთ მონაწილეობა.
ბიზნესის განვითარების ეტაპზე, პერიოდულად, ტრანსპორტირების პრობლემა მექმნებოდა, რამაც მეორე ავტომობილისა და სხვადასხვა ინვენტარის ყიდვა გადამაწყვეტინა. ერთხელაც, ლიბერთი ბანკიდან დამიკავშირდნენ, სესხის შემოთავაზებით. იმ დროისთვის, სხვა სესხებიც მქონდა და როდესაც საპროცენტო განაკვეთი დამითვალა, ძალიან დაბალი მაჩვენებელი გამოვიდა, რაც მომეწონა. რომ არ დამკავშირებოდნენ, ალბათ, არც მომაფიქრდებოდა, ასეთ დაბალ პროცენტში თუ ავიღებდი სესხს. საერთო ჯამში, იმდენად კარგი პირობები იყო, მაშინვე დავთანხმდი. ბანკში მისვლაც არ დამჭირვებია. მათთან ურთიერთობაც კომფორტულია. მე ხშირად მავიწყდება თარიღები და გადახდის თარიღის შეხსენება საკმაოდ მეხმარება, ძალიან ყურადღებიანი ხალხია.
ლიბერთისთან ეს თანამშრომლობა ბიზნესს ძალიან წაადგა. თუკი მანამდე სხვადასხვა მისამართებზე ერთდროული ტრანსპორტირებისთვის ტაქსის სერვისით მიწევდა სარგებლობა, ახლა ეს პრობლემა მოგვარდა. კარგი პირობებიდან გამომდინარე, ლიბერთისთან თანამშრომლობას მომდევნო ეტაპზეც ვაპირებ - ბიზნესთან დაკავშირებითაც და სახლის შეძენაც მსურს. სამომავლოდ, თბილისში ოფისის გახსნასა და ბიზნესის რეგიონებში გაფართოებას ვგეგმავ.