ENG
19 სექტემბერი, 2022

მიხეილ ლაბარტყავა, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის-„შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი

მიხეილ ლაბარტყავა, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის-„შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი

 

"არ შეიძლება ყველას ერთი აზრი ჰქონდეს"                                 
"განათლებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ამას მოაქვს თავისუფლებაც და მრავალფეროვნებაც. არ შეიძლება ყველას ერთი აზრი ჰქონდეს”                                     
მიხეილ ლაბარტყავა ქიმიის პროფესორია. აკადემიური მიმართულებით მისი სამუშაო გამოცდილება რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. ოჯახში ყველა პედაგოგი იყო, ამიტომ მიიჩნევს, რომ მასწავლებლობა მისთვისაც პროფესიულ ბედისწერად იქცა.
„ ჩემი დიდი ბაბუა სამხედრო სასწავლებლის რექტორი იყო, ბებია- ფრანგულის მასწავლებელი, ბაბუა- ისტორიის პედაგოგი. მამა რუსულის სპეციალისტი გახლდათ, დედა- მათემატიკის პედაგოგი. ჩემი მეუღლეც ქიმიკოსია.“

შავნაბადას გიმნაზიას 2017 წლიდან შეუერთდა. ამბობს, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენელს, მუშაობა, ფაქტობრივად, ყოველთვის ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიის ზღვარზე უწევდა. ასწავლიდა კიდეც ამ საგანს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველების საფუძვლების სახელწოდებით. მოგვიანებით ეს საგანი გაუქმდა, პედაგოგი კი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

 

„ერთადერთი მასწავლებელი ვიყავი, ვინც ამ სამივე საგანს ერთად ასწავლიდა. დღემდე ჩემი ამოცანაა ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ერთად ისწავლებოდეს. თაობები იცვლებიან და მოსწავლეები, როგორც წესი, აღიქვამენ კავშირს ამ სამ საგანს შორის. ეს კავშირი აბსტრაქტული ეჩვენებათ. ქიმია ცალკეა, განყენებულად, ფიზიკაც მოწყვეტილია საერთო კონტექსტს, ბიოლოგიაც დამოუკიდებელ საგნად აღიქმება. მაქსიმალურად ვცდილობ მოსწავლეებს მათი ერთიანობა დავანახო. დღეს განსაკუთრებით ისეა, რომ მხოლოდ ფიზიკაში, ქიმიაში ან ბიოლოგიაში სამუშაო არ სრულდება, ყველა ერთმანეთის ზღვარზეა. არადა, მოსწავლემ ხშირად არ იცის საერთოდ რაში გამოადგება ქიმია. ფაქტობრივად, ქიმიას სწავლობს მარტო ის, ვისაც სამედიცინო მიმართულებით უნდა წასვლა.“

მიხეილ ლაბარტყავა სასკოლო განათლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელმძღვანელოებს მიიჩნევს, რომლებიც, მისი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ პასუხობდეს დასავლურ სტანდარტს.
 

„მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შეიქმნა, რომლის მიზანიც ისაა, რომ 2030 წლისთვის ჩვენი განათლების სტანდარტი შესაბამისობაში მოდიოდეს განათლების ევროპულ სტანდარტთან, ანუ იმასთან, რისკენაც ასე ვისწრაფვით. ამ პროცესში სახელმძღვანელოებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მასალა, რომელსაც ეყრდნობი, მუდმივად უნდა ახლდებოდეს. ჩვენს სფეროში ერთი წელიც ძალიან ბევრია, შეიძლება ყველაფერი ამოტრიალდეს ამ ერთ წელიწადში. ამ სიახლეებს, ფეხდაფეხ უნდა მივდევდეთ. ზოგადად, განათლებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ამას მოაქვს თავისუფლებაც და მრავალფეროვნებაც. არ შეიძლება ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. განსხვავებულობაა საინტერესო.“

გვიყვება ბოლოდროინდელ პედაგოგიურ მიღწევებზეც, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მისი წარდგენის მთავარი საფუძველი გახდა, მოსწავლეების წარმატებით ამაყობს:
 

„ლეონარდო და ვინჩის გრანპრი აიღეს ჩემმა მოსწავლეებმა, სამნი არიან, ორი კვირით ატლანტაში იყვნენ წასულები სამეცნიერო ფესტივალზე, იქიდან ინგლისში, სამეფო კოლეჯში გაემგზავრნენ, იქაც სრულიად უფასოდ, ჩამოვიდნენ და სამივემ მეცნიერების კუთხით გააგრძელა სწავლა. კიდევ მეორე ჯგუფი მყავდა, ისიც სამეული. მათ მედიცინის მიმართულებით გააგრძელეს. დღეს ხომ დიდი პრობლემაა ტყვიის მაღალი შემცველობა- აი, ამაზე ვმუშაობთ- შევქმენით ნივთიერება, რომელსაც ტყვია გამოაქვს ორგანიზმიდან. ამაზე საავტორო უფლება გვაქვს. ახლა ვაკეთებთ ოქროსა და პლატინის ნაერთებს და სიმსივნეზეც გვინდა ვსინჯოთ. დიდი გეგმები გვაქვს.“

ვსაუბრობთ თითქმის ერთ საათს. დრო ისევე სწრაფად გადის, როგორც კარგ გაკვეთილზე, სადაც წუთებს არ ითვლი, რადგან მასწავლებელი უბრალოდ საგნის შესანიშნავად მცოდნე კი არა, ნამდვილი იდეალისტია. 

 

ესაუბრა მაკა ცხვედიანი.

ფოტო - ლელი ბლაგონრავოვა.