ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
„მოსწავლეებში ეძებეთ მზის სხივი“
„მასწავლებელს ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა სჯეროდეს, რომ თითოეული მათგანი გამორჩეულია და მისი მიზანი უნდა იყოს მათში მზის სხივის აღმოჩენა“
ირა ძირკვაძე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ხუთი წელია ორ საგანს- ქართულ და ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ამბობს, რომ როდესაც ცხოვრების საქმედ მასწავლებლობა აირჩია, ამ პროფესიის თანმხლები პასუხისმგებლობა ნაკლებად ჰქონდა გაცნობიერებული. იმის გააზრებულად აღქმა, რა მოვალეობები აკისრია და რა შეუძლია მასწავლებელს, მოგვიანებით მოვიდა.
„როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, ამის ბოლომდე აღქმა რთულია. რაც დრო გადის, სულ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მუდმივად ვფიქრობ უნებურად რაიმე არ შემეშალოს, თუნდაც ერთი სიტყვა არ ვთქვა ისე, რომ რომელიმე ჩემს მოსწავლეზე უარყოფითად იმოქმედოს. ხდება ისეც, რომ შეიძლება სიტყვიერად არაფერი თქვა, მაგრამ თუნდაც სხეულის ენით რაღაც სამუდამოდ დაამახსოვრო მოზარდს- როგორც სასიკეთოდ, ისე მის საზიანოდაც. ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო.“
ირას მშობლებიც მასწავლებლები არიან. მათ საქმიანობას ბავშვობიდან აკვირდებოდა, თუმცა არ უფიქრია, რომ იმავე გზას აირჩევდა. საბოლოოდ, ლიტერატურის სიყვარულის გამო ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
„თსუ-ს დესპანი - ასეთი პროექტი ჰქონდა უნივერსიტეტს. მივდიოდით ჩვენს სოფელში და იმ სკოლაში, რომელიც დავამთავრეთ, მოსწავლეებს მოხალისეობრივად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი პროფესიის შესახებ. ორი წელი ვიყავი ამ პროექტში ჩართული. აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა ბავშვებთან ურთიერთობა, მათთვის ინფორმაციის, გამოცდილების გაზიარება.“
გვიყვება, რომ მასწავლებლობის პირველივე დღეებიდანვე უდიდესი სურვილი ჰქონდა, მისი გაკვეთილები არ ყოფილიყო რუტინული, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდს იყენებდა- მუშაობდა საკუთარ თავზე, იღებდა ახალ ინფორმაციას.
კითხვაზე, ვინაა კარგი მასწავლებელი, ირას პასუხია, რომ მას, პირველ რიგში, ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვი, უნდა სჯეროდეს, რომ თითოეული მოსწავლე გამორჩეულია და მისი მიზანი უნდა იყოს მათში მზის სხივის აღმოჩენა. ამბობს იმასაც, რომ თანამედროვე მასწავლებელი განსხვავებული ამოცანების წინაშე დგას.
„დღეს მოსწავლეებს სჭირდებათ თანამედროვე მიდგომებით სწავლება. უნდა დავანახოთ მათ, რომ სკოლაში მასწავლებლებისთვის კი არ სწავლობენ, არამედ იმისთვის, რომ მერე ეს შეძენილი ცოდნა და უნარები ცხოვრებაში გამოიყენონ.“
ვეკითხებით, რა არის მთავარი, რის მიცემასაც მოსწავლეებისთვის ცოდნის სახით ცდილობს. გვპასუხობს, რომ მისთვის გადამწყვეტია, მოსწავლეებს სჯეროდეთ თავიანთი შესაძლებლობების და თამამად გამოთქვამდნენ აზრს.
„ჩემთვის მიუღებელია გაკვეთილზე ერთმანეთისგან იმიჯნებოდეს სწორი და არასწორი მოსაზრებები. მე მხარს ვუჭერ მოსწავლეების ყველა ვერსიას, ვეკითხები რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე. იმისთვის, რომ თავიანთი აზრის თამამად გამოხატვას მიეჩვიონ, ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებასაც. მათ არ უნდა ეშინოდეთ აზრის გამოთქმის და იმაზე ფიქრის, ხომ არ ცდებიან. უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება ყველანაირი აზრი ჰქონდეთ და ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ შეხედულებებზე, მოსაზრებებზე, იდეებზე.“
ირას დამთრგუნველად მიაჩნია ყოველდღიური საშინაო დავალებები, განსაკუთრებით, დაწყებით კლასებში.
„ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სახლში თამაშის დროც. მე არ ვარ მასწავლებელი, რომელიც მათ ყოველდღე ძალიან ბევრ დავალებას აძლევს. ვცდილობ ისეთი დავალებები მივცე, რასაც მეტი დრო, მეტი ფიქრი, უფრო შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება ამ ტიპის დავალება, მაგალითად, ერთი კვირის ვადაში უნდა მოამზადონ.“
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ფინალისტებს შორის მოხვედრას უდიდეს პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
„როცა საქართველოს საუკეთესო მასწავლებლების ათეულში ხვდები, ბუნებრივია, აცნობიერებ, რომ უფრო მეტად დაგაკვირდებიან, მეტ კითხავს დაგისვამენ, ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა მოსწავლეების, კოლეგების, იმ სკოლის წინაშე, სადაც ასწავლი. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოცაა.“
ვეკითხებით რა არის მისთვის მთავარი მოტივაცია. პასუხია, რომ სოფელ გუმბათში მოსწავლეებს ის სჭირდებათ. რომ ამის სჯერა. საქართველოს საუკეთესო მასწავლებლების ათეულში მოხვედრა მისთვის ამის დასტურია- მინიშნებასავითაა, რომ სწორ გზას ადგას.
ესაუბრა მაკა ცხვედიანი.
ფოტო - ლელი ბლაგონრავოვა.