ENG
29 სექტემბერი, 2022

როლანდ შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

როლანდ შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

„მოსწავლეებს აფრთხობთ ბარიერები“

„პირველი დღიდან ვცდილობდი დამემსხვრია ბარიერები, რომლებიც მოსწავლეს აფიქრებინებს, რომ მასწავლებელი არ შეიძლება მისი მეგობარი იყოს“

როლანდ შავაძის მშობლები პედაგოგები არიან. მის სოფელში საბავშვო ბაღი არ იყო. დედა სკოლაში ასწავლიდა და როლანდი ხშირად იყო მასთან სამსახურში. ამბობს, რომ მისი სოციალიზაციის პროცესი სწორედ დედას გაკვეთილებით, მის მოსწავლეებთან ურთიერთობით დაიწყო. 

როცა პროფესიად ინგლისური ენა და ლიტერატურა აირჩია, მასწავლებლობაზე არ უფიქრია, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ სწორედ ეს იყო საქმე, რომელიც უნდოდა მშობლების მსგავსად ეკეთებინა მომავალში.

ბაკალავრიატი- თბილისში, მაგისტრატურა კი ბათუმში დაამთავრა. მონაწილეობდა ერასმუსის გაცვლით პროგრამაში ბულგარეთის ქალაქ რუსეს უნივერსიტეტში. იყო ამერიკის საელჩოს ფულ ბრაიტ პროგრამის მონაწილე, სადაც მონტანას უნივერსიტეტში პროფესიული განვითარების კურსები გაიარა. ახლა სადოქტორო თემაზე ლინგვისტიკის მიმართულებით მუშაობს. სკოლაში სწავლების პარალელურად, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ექსპერტია და კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს.

„როგორც კი გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მასწავლებლობა მინდოდა, დავიწყე საკუთარი თავის განვითარება ამ მიმართულებით, მოგვიანებით კი იმაზე ფიქრი, სწავლების დროს რა სიახლეები შემეტანა ჩემს კლასში. სკოლა უნდა იყოს ის სივრცე, ის ინსტიტუცია, სადაც მოზარდები რეალური ცხოვრებისთვის მოემზადებიან; სადაც საამისო ცოდნასა და უნარებს შეიძენენ.“

ამბობს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა მისი კოლეგებისა და ნაცნობების სურვილი უფრო იყო, ვიდრე თავად მისი. საკუთარ თავისგან მაქსიმალურს ითხოვს.

„ძალიან ვცდილობ, თუმცა ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ამაზე მუდმივი მუშაობაა საჭირო. ერთია, რა გაწერილი ვალდებულებები გაქვს როგორც მასწავლებელს და მეორეა მორალური პასუხისმგებლობა, რასაც ვერავინ დაგაკისრებს, თუმცა შენ გრძნობ, რომ ეს შენი მხრიდან გასაკეთებელია.“

როლანდი გვიყვება, რომ კონკურსის ათეულში მოხვედრა ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა კიდევ უფრო დიდი სიხარული ის შედეგებია, რომელიც მის შრომას მოაქვს.

„ძალიან სასიამოვნოა, როცა საზოგადოება ხედავს, რომ რაღაცას განსხვავებულად აკეთებ ან იმაზე მეტად იხარჯები, ვიდრე ვალდებულება გაქვს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შედეგი იყოს თვალსაჩინო. როცა შენი მოსწავლეები ხულოს მუნიციპალიტეტიდან საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში გრანტს მოიპოვებენ, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობენ, ესაა ყველაზე დიდი სიხარული! და ათმაგად საამაყოა, როცა ძალიან პატარა სოფლის სკოლადამთავრებული მოსწავლეების წარმატებაზე ვლაპარაკობთ.“

პერიოდი, როცა თვითონაც მოსწავლე იყო, უსიამოვნოდ ახსენდება. ამას საკუთარ მასწავლებლებზე მეტად, განათლების იმდროინდელ სისტემას უკავშირებს.

„ეს იყო 90-იანი წლები, სისტემა ჩამოშლილი იყო. მასწავლებელი უნდა ყოფილიყო კლასში დომინანტი და მოსწავლე- მისი მორჩილი.“

მოგვიანებით ეს გამოცდილება მისთვის ერთგვარ ორიენტირად იქცა:

„როგორც კი მასწავლებლობა დავიწყე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახდა ჩემსა და მოსწავლეებს შორის ეს ბარიერები დამემსხვრია. მოზარდებს აფრთხობთ ბარიერები და ეს უმარტივეს დეტალებშიც ჩანდა. ერთი შემთხვევა მახსოვს, მოსწავლეს კალამი დაუვარდა, დავიხარე და მივაწოდე. ის გაოცებული მიყურებდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი დავარდნილი ნივთი შეიძლებოდა მასწავლებელს აეღო. ეს ელემენტარული მაგალითია, მაგრამ მივხვდი, რომ როგორც მე არ მექნებოდა ამის მოლოდინი ჩემი მასწავლებლებისგან, ასევე იყვნენ ჩემი მოსწავლეებიც. დიდად არაფერი იყო შეცვლილი. დისტანცია მოსწავლეს აფიქრებინებს, რომ მასწავლებელი არ შეიძლება იყოს შენი მეგობარი; რომ შენ ხარ ვიღაც, ვინც საკლასო ოთახში შედის, გაკვეთილს ატარებს და გადის.“

როლანდი ამბობს, რომ საკლასო ოთახში ყველა ამ შესვლასა და გასვლას შორის უამრავი კითხვა, ვერსია, ეჭვი, აღმოჩენა და იდეაა, რაც მასწავლებლის პროფესიას რთულ და ამაღელვებელ საქმედ აქცევს.

ესაუბრა მაკა ცხვედიანი.

ფოტო - ლელი ბლაგონრავოვა.