ENG
03 ოქტომბერი, 2022

სოფიო ძიგრაშვილი, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი

სოფიო ძიგრაშვილი, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი

 

„ყველაზე მთავარი მაინც ღირებულებების ფორმირებაა“

„არ უნდა იყვნენ ე. წ. ხმადაკარგული მოსწავლეები, რომლებსაც არც მოტივაცია აქვთ, არც ინტერესი და არც პედაგოგი ავლენს სათანადო ყურადღებას მათ მიმართ“

სოფო ძიგრაშვილი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში სპეცმასწავლებლად 2019 წლიდან მუშაობს. მასწავლებლობამდე დაუგეგმავად, თუმცა, შეიძლება ითქვას, ლოგიკურად მივიდა. 2008 წლიდან სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა და  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების უფლებების დაცვის, მათი ქცევის მართვის მხარდაჭერის მიმართულებით.

„ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ვასწავლიდი. წარმოიდგინეთ, 12 წლის ასაკში მათ პირველად წაიკითხეს აბრა, დაწერეს საკუთარი სახელი და გვარი, ჰქონდათ მიღწევები საბაზისო უნარების განვითარების კუთხით. შემდეგ გადავწყვიტეთ შევსულიყავით სკოლაში, იქ კი უამრავ პრობლემას შევეჩეხეთ. პირველ რიგში, გაგვიჭირდა შესაბამის სასკოლო საფეხურზე ჩარიცხვა, სირთულეები შეგვხვდა კლასში მიმღებლობის, მასწავლებლების დამოკიდებულების, სათანადო სასწავლო რესურსით უზრუნველყოფის, საგაკვეთილო აქტივობებში სრულფასოვანი ჩართულობის თვალსაზრისით. მაშინ გადავწყვიტე სკოლაში დამეწყო მუშაობა და ჩემი გამოცდილება იქ გამომეყენებინა.“

სოფო გვიყვება სპეცმასწავლებლების მუშაობის განსხვავებულ სპეციფიკაზე:

„ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ ბავშვებთან. ჩვენი მოვალეობაა ბავშვის ირგვლივ შევკრათ მხარდამჭერი გუნდი საგნის მასწავლებლების, მშობლების სახით და ერთობლივად შევცალოთ ამ კონკრეტული მოსწავლის ცხოვრება, ერთობლივად შევძლოთ მისი სწავლის უნარის გაუმჯობესება თუ ფუნქციური უნარების გამომუშავება.“

ამბობს, რომ 2019 წელს, როცა სპეცმასწავლებლობა გადაწყვიტა, სკოლაში სამი მიმართულებით დაიწყო მუშაობა: ბავშვებთან, მშობლებთან და საგნის პედაგოგებთან. მისი თქმით, ინკლუზიურ განათლებას, როგორც წესი, აღიქვამენ როგორც საგანმანათლებლო მიდგომას მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც არაა სწორი მიდგომა. სოფო მიიჩნევს, რომ ინკლუზიური განათლება- ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობაა.

„ეს იყო საკითხი, რომლითაც დავიწყეთ საგნის მასწავლებლებთან საუბარი, მერე გადავედით სწავლების სტრატეგიებზე, სათანადო ტერმინების გამოყენებაზე, მეთოდოლოგიაზე- ყველა მოსწავლე რომ ჩართული ყოფილიყო საგაკვეთილო პროცესში და არ ყოფილიყვნენ ე. წ. ხმადაკარგული მოსწავლეები, რომლებსაც არც მოტივაცია აქვთ, არც ინტერესი და არც პედაგოგი ავლენს სათანადო ყურადღებას მათ მიმართ.“

სოფო გვიყვება, რომ პარალელურად შეიქმნა მშობელთა კლუბი, რასაც წინასწარი გამოკითხვა და კვლევა უძღოდა იმის შესახებ, რა თემებზე ისურვებდნენ ისინი სპეციალურ მასწავლებლებთან კომუნიკაციას, საერთოდ ექნებოდათ თუ არა შეხვედრის, პრობლემებზე საუბრის სურვილი. სოფო ამბობს, რომ ამ ტიპის შეხვედრები თვეში ერთხელ ტარდება და იდეამ გაამართლა.

„ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, განსხვავებულობისადმი მიმღებლობაზე- რომ ეს ნორმაა და ჩვენ, ადამიანებმა, არ უნდა შევქმნათ ბარიერები. მშობელთა კლუბი უკვე იმ ადგილად იქცა, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები თუ საგნის მასწავლებლები ხვდებიან მშობლებს, უზიარებენ მათ თავიანთი შვილების წარმატებებსა თუ საჭიროებებს.“

სოფოს თქმით, ამ კომპლექსურ პროცესში მთავარი რგოლი ისევ და ისევ ბავშვები არიან და არამარტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

„როცა ვსაუბრობთ ფუნქციური, სოციალური უნარების განვითარებაზე, მგონია, რომ ეს ცალკე სეგმენტით ვერ მიიღწევა. ჩვენ შევქმენით ჯგუფები, სადაც ყველანი ერთად ვუყურებთ ფილმებს, ვმსჯელობთ, ვწერთ ესსეებს, ვაკეთებთ პრეზენტაციებს, ვიდეორგოლებს და ასე ვვითარდებით ინკლუზიური გარემოს ფორმირების კუთხით სკოლაში.“

სოფოს შეფასებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ მიღწევებიც თვალსაჩინოა დამოკიდებულებების, სწავლის ხარისხის, მშობლების ჩართულობის თუ მოსწავლეების მოტივაციის გაზრდის მიმართულებით.

„დღეს ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვთა უფლებები სათანადოდ დაცული უნდა იყოს, ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა. არის საკითხები, რომლებზეც მშობლები დღეს უფრო გახსნილები არიან, მასწავლებლებიც ადეკვატურად იღებენ მათგან კრიტიკას თუ შენიშვნას, ვიდრე ეს იყო წლების წინ. ახლა რომ ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა თვითონ ვსწავლობდი სკოლაში, ვხვდები, რომ ეს იყო ჩაკეტილი სივრცე, რომლის გარღვევას დიდი შრომა დასჭირდა.“

სოფო მიიჩნევს, რომ სპეციალური მასწავლებელი - ესაა კადრი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს და თუ სამივე რგოლი შეთანხმებულად მოქმედებს კრიტიკულ აზრთა გაცვლის, შეხედულებების გაზიარების გზით, მაშინ ვიღებთ ისეთ თაობას, როგორიც გვინდა- თავისუფალს, ჯანსაღი ღირებულებებით.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როცა ათეულში სპეცმასწავლებელი მოხვდა. სოფო მიიჩნევს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადადაც და უდიდესი მოტივაციაა პირადად მისთვისაც. ამბობს, რომ ყოველდღიური საპასუხისმგებლო შრომის მიზანს, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობასთან ერთად, სწორედ   ღირებულებების ფორმირებაში ხედავს. 

ესაუბრა მაკა ცხვედიანი.

ფოტო - ლელი ბლაგონრავოვა.