ENG
24 ივლისი, 2023

ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების მასწავლებელი

ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების მასწავლებელი

 

„მოსწავლეები ჯერ ჩვენი მეგობრები არიან და მერე აღსაზრდელები“

„ენა წერა-კითხვით არ ისწავლება, ჩვენ უნდა მოვისმინოთ, უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვიფიქროთ, ვიცხოვროთ ამ ენაზე“

ქამრან აფანდიევი  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლებში ორ საგანს- ქართულს როგორც მეორე ენას და მათემატიკას ასწავლის. 2000 წელს, როდესაც აზერბაიჯანული სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა, ქართული ენა საერთოდ არ იცოდა. უმაღლეს სასწავლებელში ქართულად სწავლის საშუალება ახლად შექმნილმა საგანმანათლებლო პროგრამამ 4+1- მა მისცა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართულის ენის მოსამზადებელი ერთწლიანი კურსის გავლისა და სწავლის ქართულ ენაზე გაგრძელების შესაძლებლობას ქმნიდა. ქამრანმა სპეციალობად ქართულის როგორც მეორე ენის პედაგოგობა აირჩია.

ის, თუ რა უნდა ეკეთებინა მომავალში, მკაფიოდ გაnსაზღვრული არ ჰქონდა, თუმცა მომავლის საქმიანობამ კონტურები მალევე შეიძინა. ქამრანი ამას იმ რადიკალურად განსხვავებულ სურათს უკავშირებს, რომელიც დედაქალაქიდან რაიონში ჩასულს ხვდებოდა.

„სტუდენტობისას თბილისში ვცხოვრობდი. როცა სოფელში ჩავდიოდი, უკიდურესად საგრძნობი იყო, რომ განვითარების კუთხით არაფერი ხდებოდა, მით უმეტეს, განათლების მხრივ. სიმართლე გითხრათ, სხვა მიმართულებით ვაპირებდი მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ ვიფიქრე, რომ აუცილებლად ჩემი წვლილი უნდა შემეტანა ჯერ თემის, შემდეგ კი რეგიონის განვითარებაში. გადავწყვიტე თბილისში მიღებული ცოდნა სოფელში გამომეყენებინა და რაღაც შემეცვალა. ვგრnძობდი, რომ ეს შემეძლო.“

სასერტიფიკატო გამოცდა ჩააბარა და 2017 წელს ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი გახდა. ამბობს, რომ ქართული ენის შესწავლა ძალიან გაუჭირდა, რადგან სწავლა გვიან - 18 წლის ასაკში დაიწყო. განვლილი რთული გზა და მიღებული გამოცდილება საკუთარი სასწავლო მეთოდის ნაწილად აქცია.

„მოსწავლეებს არაფორმალური განათლების გამოყენებით ვამეცადინებ. ჩემი გაკვეთილები არაა სტანდარტული, ხან გარეთ ვართ, ხან თამაშებით ვმეცადინეობთ, თვალსაჩინო მასალებს, კომპიუტერს ვიყენებთ. ძალიან სახალისო პროცესია.“

ქამრანი ამბობს, რომ ქართული ენის სწავლაც და სწავლებაც მისი ყოველდღიურობაა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ენა წერა-კითხვით არ ისწავლება, ჩვენ უნდა უნდა მოვისმინოთ, უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვიფიქროთ, ვიცხოვროთ ამ ენაზე, მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ პრაქტიკულ სივრცეში.“

ქართულ ენას სკოლის გარდა სათემო ცენტრშიც ასწავლის, რომელიც 2017 საკუთარ ავტოფარეხში დააარსა, სახელწოდებით „გარაჟი“ და რომელიც არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

„ჩემთან, სათემო ცენტრში, ხშირად ჩამოდიან ლექტორები, ტრენერები, ჩემი ქართულენოვანი მეგობრები, რაც საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლა გავუადვილო ქართულენოვანი გარემოს შექმნით. ვიყენებ პრაქტიკაზე ორიენტირებულ სხვადასხვა მეთოდს.“

კითხვაზე, რა მთავარ პრინციპს ეფუძნება მისი სწავლების მეთოდი, ქამრანი გვპასუხობს, რომ მოსწავლეებთან მისი ურთიერთობა გულწრფელ მეგობრობაზე დგას.

„ისინი, პირველ რიგში, ჩემი მეგობრები არიან და შემდეგ- ჩემი მოსწავლეები. თავს ბედნიერად ვგრძნობ, როცა მათ ცოდნას გადავცემ, მაგრამ ეს ცალმხრივი პროცესი არ გეგონოთ, ბავშვებისგანაც ბევრს ვსწავლობ.“

ქამრანს ვთხოვთ დაახასიათოს კარგი მასწავლებელი. მისი თქმით, კარგი პედაგოგი- ესაა ადამიანი, რომელსაც არამარტო სკოლის, არამედ სოფლის, თემის განვითარებაშიც შეაქვს თავისი წვლილი. იქვე განმარტავს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობისას პედაგოგის მიზნებს სპეციფიკური გამოწვევებიც ემატება:

„მასწავლებელი მარტო შუადღემდე არ უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას, ის უნდა იყოს თემის განმანათლებელი ადამიანი, მუდამ ჩართული პროცესში და კავშირზე მყოფი სოფლის მოსახლეობასთან.“

ქამრანი გვიხსნის, რომ მის ავტოფარეხში დაარსებული სათემო ცენტი სწორედ ამ მიზნის ნაწილია. ეს ცენტრი ხიდის როლს ასრულებს ადგილობრივ თვითმმართველობასა და სოფლის მოსახლეობას შორის. ადგილობრივებს აქვე სხვადასხვა მომსახურების მიღებაც შეუძლიათ: თარგმნა, განცხადების დაწერა, ინტერნეტით, პრინტერით სარგებლობა.

„ცენტრის მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენთან პირველად მოასფალტდა გზა, გაკეთდა გარე განათება, მოგვარდა ნაგვის ურნების პრობლემა. სოფლის შესასვლელში მოეწყო ულამაზესი სკვერი. ეს ყველაფერი კეთდება ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით. თემის პროფილი სრულიად შეიცვალა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული სოფელი ლამაზ და განვითარებულ სოფლად იქცა.“

ქამრანი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებაა, რადგან ის პირველია, ვინც ამ ჯილდოს არსებობის განმავლობაში ათეულში ქვემო ქართლს წარმოადგენს.

„აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელი პირველადაა ათეულში, ვფიქრობ, ეს ერთგვარი სტიმული იქნება ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისთვისაც და იმ ახალგაზრდებისთვისაც, ვინც სამომავლოდ აპირებს მასწავლებლობას. თუ მათი მოტივაცია გაიზრდება, მაშინ მიზანიც მიღწეულია.“