ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
„კარგი მასწავლებელია ის, ვისაც მოსწავლეები ენდობიან“
„ჩემი მთავარი მიზანია აღვზარდო ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები“
ლელას დედა და ბებია პედაგოგები იყვნენ, ამიტომ მასწავლებლობა, ფაქტობრივად, ბავშვობიდან გახდა მისი ცხოვრების ნაწილი. ჯერ უნივერსიტეტში მუშაობდა, 15 წლის წინ კი გორის N12 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობისა და ისტორიის სწავლება დაიწყო. “ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ზოგადად, ის, რაც ბავშვობიდან მოგვყვება, დიდ გავლენას ახდენს შენს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, პროფესიულ არჩევანზე.”
ლელას სკოლაში მისვლა და სამოქალაქო განათლების საგნად ჩამოყალიბება ერთმანეთს დაემთხვა. იხსენებს, რომ ძალიან დაინტერესდა იმით, რასაც ეს საგანი მოიცავდა და დიდწილად ამან შეუწყო ხელი, დარჩენილიყო სკოლაში, მასწავლებლობა მის მთავარ პროფესიულ გამოწვევად ქცეულიყო. “ეს საგანი იძლევა საშუალებას, ისწავლო რეალური ცხოვრება- როგორი უნდა იყოს, ზოგადად, მოქალაქე, როგორი უნდა იყო თავად შენ; მომავალი ცხოვრებისთვის გამზადებს. ეს გახდა ჩემთვის შთაგონებაც, სკოლაში დარჩენის მიზეზიც...”
2011 წელს შეიქმნა სამოქალაქო განათლების ფორუმი- მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანება. ლელა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. “სამოქალაქო განათლების ფორუმმა ამ საგნის პოპულარიზებას, ფეხის მოკიდებას, ცნობადობის გაზრდას, პედაგოგების სამოქალაქო განათლებით დაინტერესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.”
ლელა ამბობს, რომ სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში მისი მთავარი მიზანია მოსწავლეებს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები შესძინოს, რაც მათ მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარებათ. „ვიყენებ კეთებით სწავლების მეთოდს, რომელიც მოსწავლეებში ავითარებს 21-ე საუკუნის საკვანძო კომპეტენცებს, ხელს უწყობს ფუნქციური უნარების განვითარება-ჩამოყალიბებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.”
ლელა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება არ ხდება მხოლოდ ცოდნის გადაცემით. მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებისთვის საჭირო უნარების შეძენა. „უმნიშვნელოვანესია მოსწავლე იღებდეს თეორიულ ცოდნას და შემდგომ უკვე პრაქტიკაში იყენებდეს მას. ამის შესაძლებლობას შესანიშნავად იძლევა პროექტული სწავლება. მაგალითად, როცა მოსწავლეებს გარემოს დაცვაზე ან ნარჩენების მართვაზე ვესაუბრები, თეორიუ ცოდნას აუცილებლად მოსდევს პრაქტიკული სამუშაო. მაგალითად, ნარჩენების მეორადი გადამუშავებისა და მართვის შესწავლისას მოსწავლეები აკეთებენ ეკო სანთლებს, ამ გზით ისინი სწავლობენ როგორ გამოყენონ ძველი მასალა და როგორ მიანიჭონ მას ახალი სიცოცხლე. ამით პრაქტიკულად აღიქვამენ როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს და როგორ შეინარჩუნონ მისი მდგრადობა.“
ლელას შეფასებით, კარგი მასწავლებელია ის, ვისაც მოსწავლეები ენდობიან. „მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა აჩვენოს გზა და ეს პროცესი უნდა იყოს გაჯერებული ცხოვრებისეული მაგალითებით. მან უნდა დააფიქროს მოზარდები იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი სკოლიდან გამოსულები შეხვდებიან სოციუმში, თუნდაც თავიანთ თემში, და რომელთა გადალახვის აუცილებლობის წინაშეც დადგებიან.“
გორის N12 საჯარო სკოლაში 900-მდე მოსწავლეა. ლელას ინიციატივით, მათთვის 2011 წლიდან ფუნქციონირებს 5 სხვადასხვა მიმართულების კლუბი: სამოქალაქო განათლების კლუბი, დებატ კლუბი, კინოკლუბი, თანასწორ განმანათლებელთა კლუბი და მეწარმეობის კლუბი. მოსწავლეები ამ კლუბებში თავიათი ინტერესების შესაბამისად წევრიანდებიან. ყველა კლუბს ჰყავს ლიდერი, აქვს მრავალფეროვანი პროგრამა. „ესაა მოსწავლეებისთვის ყველაზე სასიხარულო აქტივობები, რომლებშიც ისინი გატაცებით ერთვებიან. ეს კლუბები ღირებულებით განათლებას ეფუძნება და, ვფიქრობ, ძალიან ბევრს აძლევს ბავშვებს.“
ლელა ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩასატარებლად შედის, მისი მთავარი მოტივაცია ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც მას თავისი პროფესია აკისრებს. „პასუხისმგებლობა და იმის განცდა, რომ მე ვემსახურები ჩემი ქვეყნის მოქალაქეების აღზრდა-ჩამოყალიბებას. ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს?! სწორედ ესაა ჩემი მიზანი- მოსწავლეებს მივცე შესაძლებლობა, იყვნენ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები.“
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრას ლელა, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობად აღიქვამს. „რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, როცა ქვეყნის ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დაგასახელებენ. თუმცა ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის მგონია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ცვლილებას შეიძლება შევუწყოთ ხელი ერთად. უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობაა ამ ერთობაში, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეების სასიკეთოდ, თემისა და მთელი ქვეყნის განვითარებისთვის. ცხადია, პასუხისმგებლობა უდიდესია, მაგრამ მასთან ერთად მოტივაც გემატება, რომ უფრო მეტი გააკეთო შენი ქვეყნისა და იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ცხოვრობ.“