ENG
11 იანვარი, 2022

მარიამ ტაბაღუას ახალი მიზანი

მარიამ ტაბაღუას ახალი მიზანი

 

დაახლოებით 7 წლის წინ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. ამიტომაც, დედაჩემმა, რომელსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, აბიტურიენტების მომზადება და მათთვის გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა. ეს ყველაფერი სახლის პირობებში ხდებოდა. რაც დრო გადიოდა, მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ყველა ხედავდა, როგორი წარმატებით აბარებდნენ ბავშვები მისაღებ გამოცდებს. ძალიან მინდოდა, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს დავხმარებოდი იმ მძიმე წუთებში. მეორე მხრივ,  ვხედავდი, რამხელა შრომას დებდა დედაჩემი ამ საქმეში, რამდენად უსაზღვრო იყო მისი ფანტაზია და ვაცნობიერებდი, როგორ შეეძლო თითოეული ბავშვისთვის ერთი ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი ჯადოსნურად ექცია. სწორედ ამან მომცა მოტივაცია, შემექმნა ისეთ სივრცე, რომ ეს ჯადოსნური ენერგია, ფანტაზია და ხელოვნების სიყვარული ყველასთვის გაეზიარებინა.

მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი და ალბათ ამიტომაც, ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩემს იდეას. ამხელა საქმეს რომ ვიწყებდით, ვიაზრებდი, შესაბამისი სახსრები იქნებოდა საჭირო. თან, ისეთ ასაკში ჩავეჭიდე, როცა რთული იყო ბანკების ნდობის მოპოვება. ასაკსა და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მე ჯერ არ გამაჩნდა. იყო სხვადასხვა ბანკთან თანამშრომლობის მცდელობები, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ, განაცხადი შევიტანე ლიბერთი ბანკში, რომელიც დაინტერესდა ჩემი საქმიანობით. ძალიან მოულოდნელი იყო. რეაგირებაც ძალიან სწრაფი ჰქონდათ. სწორედ ლიბერთიმ შემიწყო ხელი ამ წამოწყებაში და ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, რაც ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ სწორედ ამ ნდობისთვის და დროულად გაწეული თანადგომისთვის, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს საქმიანობაში.

იდეის რეალობად ქცევისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და საბოლოოდ, მშობლების გვერდში დგომით, გავხსენი სამხატვრო სტუდია ART NOVO STUDIO ( არტ ნოვო სტუდიო). რომ არა დედაჩემის ამხელა გამოცდილება და პროფესიონალიზმი, მარტო ვერ შევძლებდი. სტუდიის ფარგლებში, ვიღებდით როგორც აბიტურიენტებს, ასევე ნებისმიერი ასაკის სხვა მსურველსაც.

დღითიდღე ვვითარდებოდით და ხატვის წრეს ეტაპობრივად დავამატეთ ტანვარჯიში და ჭადრაკი. არ ვიცოდი, რამდენად ექნებოდა დაინტერესება. ძალიან ბევრი ძებნის შემდეგ, აღმოვაჩინე საუკეთესო პედაგოგები, რომლებზეც ახლა ჩვენი ბავშვები გიჟდებიან. ერთი სული აქვთ, როდის მივლენ გაკვეთილზე, რომ ისევ შეხვდნენ თავიანთ მასწავლებლებს.

 

 

ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საუცხოო მასწავლებლების პოვნა. ბავშვობაში, ძალიან მიჭირდა ზოგიერთ პედაგოგთან შეგუება, მათგან რაიმეს სწავლა. ეს ისეთი რამაა, ძალიან ნიჭიერიც რომ იყო, ამავდროულად, გადმოცემისა და ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება და უნარი უნდა გქონდეს. პედაგოგობა მარტივი არ არის. ბავშვებთან ურთიერთობა ისეთ ასაკშიც გვიწევს, როცა მათი ფსიქიკისა და ზოგადად, პიროვნების ჩამოყალიბება მიმდინარეობს.  ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან სწორი ურთიერთობა.

ვფიქრობ, რომ არამარტო მასწავლებლებში, არამედ მოსწავლეებშიც ძალიან გამიმართლა. ვერ წარმოიდგენთ, ყოველდღიურად რამდენ საიხლეს და საინტერესო ფაქტებს ვისმენთ მათგან, რამდენად ნიჭიერი თაობა მოდის და როგორი კრეატიულები არიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყველანი ერთი ოჯახივით ვართ. არ არსებობს ერთმანეთთან გაუცხოება, ან რაიმე უსიამოვნება ბავშვებს შორის. ჩვენთან, არტ ნოვოში, ყველანი თანასწორები ვართ და პატივს ვცემთ ერთმანეთს.

ჩვენთან ბავშვები არამარტო ხატვას არამედ სხვადასხვა სახელოვნებო დარგსაც შეისწავლიან, ესენია: ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, ფაიფურის თოჯინები, გობელენი, თექა, ბატიკა, 3D ნახატები, მაკეტები, ქარგვა, ქსოვა… ჩვენთან მოსულ ბავშვს აქვს საშუალება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული დარგის შესახებ შეიტყოს და გაეცნოს სხვადასხვა ტექნიკას და შემდეგ, მარტივად გადაწყვიტოს, რა მოსწონს.

ამდენი წლის მანძილზე, რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც. როდესაც სტუდია გავხსენით ძალიან დიდი კონკურენცია დავინახეთ. შესაბამისად, ყოველდღიურად მიდიოდა მუშაობა თვითგანვითარებაზე. დღეს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სტუდია ვართ, განსხვავებული ნამუშევრებით და კონცეფციით. სწორედ ამიტომაცა, რომ 60 ბავშვიდან 250-მდე გავიზარდეთ და იმედია, მომავალში კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით.

 

სოციალური ქსელით ბევრმა გაიგო ჩვენზე, ჩვენი სწავლის ხარისხზე. მნიშვნელოვნად იმატა მოთხოვნამ ფილიალებზე. ამიტომ, სულ მალე, ვგეგმავ გაფართოებას, რათა ყველას შეეძლოს ჩვენთან სწავლა. ვცდილობთ, ამ საქმიანობით, ხელოვნებისადმი ჩვენი სიყვარული გავუზიაროთ მომავალ თაობას და თავიანთი ფანტაზიების, სურვილებისა და ემოციების ნამუშევრებში გადმოტანის საშუალება მივცეთ. ბავშვებისთვის ესაა გზა, გაარღვიონ ის ჩარჩოები, რაშიც ყოველდღიურად არიან მოქცეულები, გამოხატონ თავიანთი ფანტაზიები და ემოციები, მეტი შეიტყონ ხელოვნების შესახებ და მის უსაზღვრო სამყაროში შეაბიჯონ.